English / ქართული / русский /
გია ზოიძე,
ინტელექტუალური კაპიტალი და ინოვაციური რესურსები: პრობლემები და გამოწვევები

ანოტაცია. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში გათვალისწინებულია ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. ადამიანური კაპიტალი არის ცოდნის, სიმარჯვის, უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის და მთლიანად საზოგადოების მრავალმხრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. თავდაპირველად ადამიანური კაპიტალის ცნებაში განიხილებოდა განათლება და პროფესიული ჩვევები, როგორც ინვესტიციების ერთობლიობა ადამიანში, რომელიც მის შრომის უნარს აძლიერებდა. ამჟამად მასში ჩართულია სამომხმარებლო დანახარჯები - ოჯახის ხარჯი კვებაზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე სახელმწიფო დანახარჯები ამ მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:   განათლება, ადამიანური კაპიტალი, ინტელექტუალური კაპიტალი, ინოვაციები, ინოვაციური რესურსები, ინსტიტუციური ცოდნა, გლობალიზაცია, უმუშევრობა.

ადამიანები იძენენ, ინარჩუნებენ, იყენებენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (ადამიანური კაპიტალი) და ქმნიან ინტელექტუალურ კაპიტალს. მათი ცოდნა ღრმავდება ერთმანეთთან ურთიერთობით (სოციალური კაპიტალი), რაც ქმნის ინსტიტუციურ ცოდნას, რომელიც ხდება ორგანიზაციის საკუთრება (ორგანიზაციული კაპიტალი).

ადამიანური კაპიტალი ორგანიზაციაში წარმოადგენს ადამიანურ ფაქტორს, იმ ინტელექტს, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რაც  ორგანიზაციას გამორჩეულ ხასიათს აძლევს. ორგანიზაციის ადამიანური ელემენტები გულისხმობს ორგანიზაციის შესაძლებლობას, ისწავლოს, შეცვალოს, განაახლოს, შემოქმედებითად მიუდგეს, რასაც სწორი მოტივაციის შემთხვევაში შეუძლია დიდი ხნით უზრუნველყოს ორგანიზაციის არსებობა.

ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები, ქცევა და ენერგია, რაც ქმნის ადამიანურ კაპიტალს, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ მუშაობისას. ამ კაპიტალის მფლობელები არიან თავად ეს ადამიანები და არა მათი დამქირავებლები. ისინი თავად წყვეტენ როდის, როგორ და სად გამოიყენონ ეს კაპიტალი, ანუ მათ აქვთ არჩევანის უფლება. მუშაობისას ხდება შესაძლებლობებისა და ფასეულობების ორმხრივი გაცვლა და არა მეპატრონის მხრიდან რესურსების ცალმხრივად ექსპლუატაცია.

          ადამიანური კაპიტალის  შემადგენელინაწილებია:

ü  ინტელექტუალური კაპიტალი;

ü  სოციალური კაპიტალი;

ü  ორგანიზაციული კაპიტალი;

ü  ადამიანური კაპიტალის თეორიის მნიშვნელობა.

ადამიანური კაპიტალი: ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორია; საზოგადოებისა და ოჯახის განვითარების დონის საზომია, რომელიც შრომითი რესურსების განათლებულ ნაწილს მოიცავს; ცოდნაა; ინტელექტუალური და მმართველობითი შრომის ინსტრუმენტია; ცხოვრების და შრომითი საქმიანობის გარემოა, რომელიც ადამიანური კაპიტალის, როგორც განვითარების საწარმოო ფაქტორის, ეფექტურ და რაციონალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი.

ადამიანური კაპიტალი საწარმოო ფაქტორების ხარისხის მიხედვით შეიძლება დავყოთ როგორც უარყოფითი (დესტრუქციული) და დადებითი (შემქმნელი).

უარყოფითი ადამიანური კაპიტალი არის დაგროვილი ადამიანური კაპიტალის ნაწილი, რომელიც ჩადებულ ინვესტიციაზე სასარგებლო უკუგებას არ იძლევა: გამოუსწორებელი დამნაშავე, დაქირავებული მკვლელი დაკარგული ინვესტიციაა ოჯახისა და საზოგადოებისათვის.

დადებითი ადამიანური კაპიტალი კი დაგროვილი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ინვესტიციებისაგან სასარგებლო უკუგებას უზრუნველყოფს, თუმცა იგი ინერციული საწარმოო ფაქტორია, რომელიც უკუგებას გარკვეული დროის შემდეგ იძლევა.

ამჟამად, ადამიანური კაპიტალის თეორიისა და პრაქტიკის ბაზაზე შეიქმნა და სრულყოფილი ხდება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნების განვითარების წარმატებული პარადიგმა. ამ თეორიის მიხედვით შვედეთმა მოახდინა თავისი ეკონომიკის მოდერნიზაცია და მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. ფინეთმა კი დროის ისტორიულად მცირე მონაკვეთში მოახერხა ნედლეულის ეკონომიკიდან ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა. ამ ქვეყანამ შექმნა რა საკუთარი კონკურენტუნარიანი მაღალი ტექნოლოგიები, უარი არ უთქვამს თავისი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრის (ტყის) სიღრმისეულ გადამუშავებაზე. ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კონკურენტუნარიანი ეკონომიკი სრეიტინგის მიხედვით[1]. უფრო მეტიც, ტყის ისეთ საქონლად გადამუშავებით მიღებული შემოსავლით, რომელშიც მაღალი დამატებული ღირებულებაა.

ეკონომიკის ინოვაციური სექტორი, ელიტის კრეატიული ნაწილი, საზოგადოება და სახელმწიფო საერთო ჯამში მაღალხარისხიანი დაგროვების წყაროებია ადამიანური კაპიტალისათვის, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მისი განვითარების მიმართულებას და ზრდის ტემპს. სწორედ ქვეყნის ელიტა საზღვრავს მისი განვითარების მიმართულების ვექტორს. ინვესტიციები კოლექტიურ სამოქალაქო ინტელექტს ქმნის, რომელიც შენებაზეა მიმართული. განვითარებად ქვეყნებში არ არის საკმარისი რესურსი, რათა მასობრივად შეიქმნას კონკურენტუნარიანი კომფორტული პირობები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისათვის. ამიტომ იქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონები, ტექნოპოლისები და ტექნოპარკები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ადამიანური კაპიტალი არის ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ნაწილი. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მოიცავს ფიზიკურ, ადამიანურ, ფინანსურ და ბუნებრივ კაპიტალს; ეროვნული ადამიანური კაპიტალი კი სოციალურ, პოლიტიკურ კაპიტალს, ეროვნულ ინტელექტუალურ პრიორიტეტებს, ეროვნულ კონკურენტულ უპირატესობებს და ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს.

ადამიანური კაპიტალის პროცენტულ წილზე არსებითად მოქმედებს ბუნებრივი რესურსების ღირებულება. კერძოდ, რუსეთში ბუნებრივი რესურსების ღირებულება შედარებით დიდია, რაც ადამიანური კაპიტალის წილს ამცირებს. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის ძირითადი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი, სადაც ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ინვესტიციები ფიზიკურ კაპიტალში.

საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის შედარებით დაბალი წილი შეიძლება აიხსნას არა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, არამედ ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით.

ამასთან, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება[2] და ვიზალიბერალიზაცია ფართო შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყოს საბაზო, უმაღლესი და დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ერთიანი მწყობრი სისტემის შესაქმნელად. ეს კი პროგრესული ნაწილის - ადამიანური კაპიტალის - წილს კიდევ უფრო გაზრდის ეროვნულ სიმდიდრეში. შედარებით მწირი ბუნებრივი რესურსების პირობებში მეცნიერებატევადი წარმოების განვითარება საშური საქმეა როგორც ადგილობრივი ინტელექტუალური ძალების, ასევე, უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების დაბრუნების ხარჯზე, რომელთაც უკვე ათვისებული აქვთ პროფესიული უნარ-ჩვევები და თანამედროვე შრომის კულტურა.

ამჟამად ბუნებრივი რესურსების გამოყენებაც ცოდნაზეა დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია კაცობრიობის წინსვლა გარემოს ინტელექტუალური ათვისების გზით. ერთი სიტყვით, ცოდნის დაგროვება, გადაცემა და გამდიდრება საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელ ძალად იქცა.

ინფორმაციულმა რევოლუციამ დიდად შეუწყო ხელი ბაზრის გლობალიზაციას და, რაც მთავარია, შექმნა ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციის ახალი ფორმები (ელექტრონული ვაჭრობა) და ახალი ეკონომიკური აქტივები (ელექტრონული ფული), რაც ახლო მომავალში არსებითად შეცვლის ეკონომიკურ პრაქტიკას. სწორედ ამ ობიექტური ტენდენციების ერთობლიობამ წამოწია პირველ პლანზე ინტელექტუალური რესურსების როლი და მნიშვნელობა.

გამოწვევები, რომელთა წინაშე დღეს საქართველო დგას, თვისებრივად არ განსხვავდება იმ გამოწვევებისგან, რომლებიც გააჩნდა ბევრ განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისაგან, რომლებმაც წარმატებით (ან წარუმატებლად) გაიარეს ის ეტაპი, რომელზეც დღეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავითვალისწინოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია სწორედ ამ გამოცდილების, ამ ქვეყნების წარმატებისა თუ მათ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით იქნეს შედგენილი.

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება, ისე მეცნიერული კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამოქალაქო თავისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. გამართული ინსტიტუტები უზრუნველყოფს განვითარების მდგრადობას, ამცირებს ბიზნესციკლების მერყეობას, განაპირობებს ეკონომიკური ზრდის უწყვეტობას საარჩევნო ციკლებს შორის და გარკვეულწილად ქმნის ავტოკორექციის უნარის მქონე ეკონომიკურ სისტემას. აზრების და იდეების თავისუფალი გაცვლა აუცილებელია კრეატიულობის, ინოვაციის, განათლებისა და კულტურული წინსვლის უზრუნველსაყოფად, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ენდოგენურ, ცოდნაზე დაფუძნებულ ზრდას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.

გლობალიზაციის პროცესის აქტუალობა გამოიხატება იმაში, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო საზოგადოების არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურ განვითარებაზე. მათ გათვალისწინებას აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე უდიდესი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა, რამდენადაც, იძლევა ადამიანური პროგრესის ყველაზე გავრცელებული საკითხების გამოყოფის, გლობალიზაციის ძირითადი გამოწვევების განსაზღვრის საშუალებას.

მსოფლიო ეკონომიკის გლობალური სისტემის აღწარმოების წინააღმდეგობები იმაში მდგომარეობს,  რომ ხშირად იგი ექვემდებარება არა იმდენად მსოფლიო საზოგადოებრივ ინტერესებს, რამდენადაც ბიზნესელიტის ინტერსებს. იგი მიმდინარეობს ბუნებრივ-კლიმატური და შრომითი რესურსების, სიმდიდრის, პოლიტიკაზე ეკონომიკის დამოკიდებულების არათანაბარი მდგომარეობის პირობებში. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ნამდვილად მიმდინარეობს შესამჩნევი ტენდენციები ცვლილებებისკენ - ჩამოყალიბდა სრულიად ახალი კონკურენტული ვითარება ყველა სახის რესურსის მოპოვებისთვის, გამკაცრდა კონკურენტული ბრძოლის მეთოდები, იმატა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის სანქციებმა, კონფლიქტებმა საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო, ბრძოლამ უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია გულისხმობს საზოგადოებრივი კვლავწარმოების ყველა სფეროს: საერთაშორისო ვაჭრობის, ფულად-საკრედიტო და საბანკო სისტემის, შრომის ბაზრის, ინოვაციების, სამეცნიერო მოღვაწეობის, და ბოლოს, სოციალური, ეკონომიკური და ინსტიტუციური ურთიერთობების გლობალიზაციას. დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, ინოვაციების გამოყენებასა და დინამიურ განვითარებას. ადამიანებს აღარ სურთ მხოლოდ ნაციონალური საზღვრების ფარგლებში არსებობა, მათი სურვილია პლანეტის საკუთარ სახლად გადაქცევა.

გლობალიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად, შესამჩნევი ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაშიც. საქართველო უფრო ღია, დემოკრატიული, მსოფლიო პროცესებში ინტეგრირებული გახდა. ჩვენი მოქალაქეებისათვის გაიხსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრები, შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან საქმიანი ურთიერთობების, პოლიტიკური, სამართლებრივი და კულტურული კავშირების დამყარება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გზაზე მსოფლიო საზოგადოება საკმაოდ ბევრი სირთულის წინაშე დადგა - ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, სიღარიბე, დაავადებები, ეკოლოგიური საფრთხეები, დასაქმების პრობლემები და მრავალი სხვა, რაც არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. ასეთი პრობლემები ნაკარნახევია მსოფლიო რესურსების დიდი ნაწილის დაპყრობის ინტერესით, ქვეყნებისა და რეგიონების, დარგებისა და ოჯახების განვითარების უთანასწორობით, მათი კულტურული და სამართლებრივი მდგომარეობის დიფერენცირებით, მოტივების განუსაზღვრელობითა და მრავალი სხვა წინააღმდეგობებით.

მეთოდური თვალსაზრისით, სამართლიანი იქნებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არა რაიმე იდეების დონეზე, არამედ ფასეული და პრაქტიკასთან გონივრული კავშირის საფუძველზე, უპირველესად, გამოწვევებზე პასუხით, რომელსაც მთელ მსოფლიოს უგზავნის გლობალიზაციის პროცესი. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი გლობალურ ეკონომიკაში შეღწევა, მისი მიღწევების გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ და არასასურველი, ზოგჯერ კი სახიფათო შედეგების თავიდან აცილება.

უპირველესად, გლობალიზაციის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის სტაბილური ზრდის, სოციალური განვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. მასთან არის დაკავშირებული ადამიანის ცხოვრების ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა, გაფართოებული კვლავწარმოება და წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, ადამიანთა ცხოვრებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება, სიმდიდრის დაგროვება, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს ფორმირება, მართვის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში.

გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობისა და მასთან დაკავშირებული სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის პრობლემა. სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი როლი ენიჭება მთავრობის მხრიდან ბიზნესის განვითარების წახალისებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვადასხვა დარგების და ინფრასტრუქტურის განვითარებას. უმუშევრობა ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ხარჯების ზრდაში გამოიხატება.

უმუშევარი ადამიანი - ეს არის სამუშაო ძალა, რომლის რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი პროდუქციის წარმოება. განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს უწევს უმუშევრებისთვის კომპენსაციის გადახდა, რაც მას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. ჩვენს ქვეყანაში ეს ასე არ არის. უმუშევრები არანაირ კომპენსაციას სახელმწიფოსგან არ იღებენ. ამიტომაც უმუშევრობის ტვირთი მხოლოდ უმუშევრებს აწვებათ. დროთა განმავლობაში ხდება უმუშევრების კომპეტენციის, უნარ-ჩვევების და გამოცდილების დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, მათ სამუშაოსადმი მოტივაციას უკარგავს, ამას კი უმუშევრობის ფსიქოლოგიური ხარჯების ზრდისკენ მივყავართ. აქ იგულისხმება იმ სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, რომელსაც უმუშევარი ადამიანები და მათი ოჯახები ეკონომიკური კრიზისის დროს მწვავედ განიცდიან. სწორედ რომ მოსახლეობის სტრესული მდგომარეობა განაპირობებს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სხვადასხვა სახის დანაშაულისა და სოციალური პრობლემების ზრდას ქვეყანაში. ეს პრობლემები კი ისევ სახელმწიფოს აწვება მძიმე ტვირთად, ვინაიდან აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება კვლავ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

უმუშევრობის დონის შემცირებისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის სახელმწიფომ დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტები უნდა განახორციელოს, სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი როლი ენიჭება მთავრობის მხრიდან ბიზნესის განვითარების წახალისებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სხვადასხვა დარგების და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება ბიზნესგარემოც და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სახრსების ეკონომიკაში ინვესტირებით მოხდება ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირება, რაც ბუნებრივად გააჩენს ახალ ბიზნესშესაძლებლობებს და შექმნის დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.

თანამედროვე პირობებში ინოვაციური ტიპის განვითარებაზე უარის თქმა და ამ მხრივ ჩამორჩენა საფრთხის მომტანია ეროვნული ეკონომიკისთვის. ინოვაციური განვითარების, მეცნიერების ინტეგრირების, წარმოებისა და მომსახურების ხარისხის მხრივ, ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს თანამედროვე ტექნოლოგიების, მენეჯმენტის ხარისხის და თანამშრომელთა მოტივირებულობის დონით. ამ მიმართულებით პროგრესი გულისხმობს მნიშვნელოვან წინსვლას სოციალურ-ეკონომიკური მეცნიერებისა და ინსტიტუციურ დონეზე, მათი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენებას, საზოგადოების განვითარების ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების ფორმირებისთვის.

ჩემი აზრით, ისინი უნდა ემყარებოდნენ საღ აზროვნებას, რეალურ სინამდვილეს, რეალურ მიზნებსა და ამოცანებს, გამოკვლევებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც აისახება როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის, ისე ცალკეული ადამიანისა და მსოფლიოს ინტერესებში. გლობალიზაციის აღნიშნული გამოწვევები მნიშვნელოვანია ქვეყნის დონეზე, თუმცა შესაძლებელია კიდევ რამდენიმე მათგანის გამოყოფა.

ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში არსებითად იცვლება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ფაქტორების ბუნება, მათი თანაფარდობა და ურთიერთკავშირი. აშკარაა, რომ ეკონომიკის შიდა სტრუქტურული ცვლილება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს არა ექსტენსიური (რაც დაკავშირებულია რაოდენობრივ ზრდასთან, გაფართოებასთან) ზრდის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხარისხობრივი (ინტენსიური) ცვლილებებით და ინოვაციური განვითარების საფუძველზე. გარკვეულწილად იგი დამოკიდებულია კაპიტალდაბანდებების მოცულობაზე, მათ ინოვაციურობასა და ადამიანური კაპიტალის ხარისხზე, ინსტიტუციურ გარემოზე და ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს კონკურენტუნარიანობის ეგრეთ წოდებული სტრუქტურული ფაქტორებია. ივარაუდება, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებულად უწევს ქვეყანა კონკურირენციას სხვა ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე თავისი საბაზრო წილის მოსაპოვებლად ან ინვესტიციების მოსაზიდად. 

დასკვნები და რეკომენდაციები

დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კაპიტალის ეფექტურ დაბანდებასთან მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ მიმართულებით გაწეული ეკონომია გულისხმობს საზოგადოების ეფექტიანობის საგრძნობლად დაქვეითებას და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის გართულებას. ინოვაციური განვითარების, მეცნიერების ინტეგრირების, წარმოებისა და მომსახურების ხარისხის მხრივ, ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს თანამედროვე ტექნოლოგიების, მენეჯმენტის ხარისხის და თანამშრომელთა მოტივირებულობის დონით.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ინვესტიციების გარეშე, განსაკუთრებით ახალ, ინოვაციური ტიპის ძირითად კაპიტალში, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი კვლავწარმოების საკითხის წარმატებით გადაწყვეტა. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის აისახება წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ პარამეტრებზე, რაც ზრდის მის კონკურენტუნარიანობას. ამასთან, ეკონომიკაში საჭიროა ისეთი ინსტიტუციური ურთიერთობების დამყარება, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უცხოური, არამედ ადგილობრივი კაპიტალის მოზიდვასაც.

მრავალი გამოკვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტული უპირატესობების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადასვლა, ძლიერი მატერიალური და მორალური მოტივაციის შექმნა, ყველა დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის გამოცდილების დაგროვება. ამ მიზნების მიღწევის სირთულე ხშირად გამოწვეულია მათი გადაწყვეტისათვის ჩვენეული მენეჯმენტის არასაკმარისი დონით, წარმოების მეცნიერებასთან სუსტი კავშირით, არაოპტიმალური ინვესტიციებით ადამიანურ რესურსებში, განსაკუთრებით - კომპეტენციების ამაღლებაში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ასათიანი რ., გლობალიზაცია ეკონომიკური თეორია და საქართველო, თბილისი, 2010.
  2. ბარათაშვილი ე., გეჩბაია ბ., ღლონტი ვ., საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა: თანამედროვე გამოწვევები, თბილისი, 2012.
  3. სტიგლიცი ჯ., გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა „რადარამი“, თბილისი, 2012.
  4. ჯოლია გ., სეხნიაშვილი დ., ცოდნის ეკონომიკა და მართვა, სტუ, თბილისი, 2015.
  5. ჯოლია გ., კრეატიული ეკონომიკა და განვითარება, სტუ, თბილისი, 2016.
  6. https://www.weforum.org/reports/the-global-competitiveness-report-2017-2018
  7. http://www.parliament.ge/uploads/other/22/22585.pdf
  8. http://www.parliament.ge/ge/gavigot-meti-evrokavshirtan-asocirebis-shetanxmebis-shesaxeb/associationagreement1